ახალი ამბები
სახელმწიფოს მხრიდან წამების წახალისება იწვევს დამნაშავეთა დაუსჯელობას - NGO-ები
FaceBook
26 ივნისი წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა.

საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ​და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან ამ დღეს.

ისინი აქცენტს  2024 წლის საპროტესტო აქციებზე ძალოვანთა მხრიდან მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტებზე აკეთებენ. 

„საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სისტემურ და ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკად იქცა, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ იყო მიმართული. 

2025 წლის 14 მაისს სამოქალაქო საზოგადოების 11-მა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტირების ანგარიში, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში უფლებათა დარღვევებს, მათ შორის წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას შეისწავლის.2 ანგარიშში გაანალიზებული ძალადობის მასშტაბი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების კოორდინირებული მონაწილეობა, წამების მსხვერპლთა ჩვენებების თანხვედრა, სხვადასხვა თარიღში განხორციელებული იდენტური ქმედებები, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე რეაგირების არარსებობა და, ზოგ შემთხვევაში, მისი წახალისება მიუთითებს წამების სისტემურობასა და ამ დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე.

საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ წამება და არასათანადო მოპყრობა შემდეგნაირად ხორციელდებოდა: 

აქციების დარბევის პარალელურად, როგორც წესი, სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა, ხშირად ჯგუფურად, შემდეგ კი გადაჰყავდა პოლიციის კორდონის მიღმა, მედიის კამერებისგან მოშორებით, სადაც ძალადობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდებოდა.



ძალადობა, როგორც წესი, გრძელდებოდა სადამსჯელო მიკროავტობუსებში. სპეცრაზმის წევრები, სპეციალური ხელთათმანების საშუალებით, ფეხით, ზოგ შემთხვევაში, კეტით ან სხვა ხელსაწყოს გამოყენებით, ჯგუფურად სცემდნენ მსხვერპლებს.



ფიზიკურ ძალადობას, როგორც დაკავების შემდეგ, ისე მიკროავტობუსში, თან ახლდა ნივთების წართმევა, შეურაცხყოფა, დამცირება და მუქარა, მათ შორის, გაუპატიურებით დამუქრება. როგორც წესი, სპეცრაზმელები მსხვერპლებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავისა და სახის არეში.



მიკროავტობუსში ცემის შემდეგ, რაც, ხშირად, რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა, მსხვერპლებს გადასცემდნენ საპატრულო ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც ისინი პოლიციის განყოფილებებში მიჰყავდათ და დაკავების შესახებ ყალბ ოქმებს აფორმებდნენ. ხშირად, ფსიქოლოგიური ძალადობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური ძალადობა გრძელდებოდა როგორც ტრანსპორტირების დროს, ასევე პოლიციის განყოფილებაში. აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას თან ახლდა ანტიევროპული და ჰომოფობიური რიტორიკა.



ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას დაექვემდებარნენ როგორც ბავშვები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.5 ძალადობა განსაკუთრებით ინტენსიური იყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ასოცირებასაც პოლიცია, რაიმე ნიშნის გამო (მაგალითად, გრძელი ან შეღებილი თმა), ლგტბქი თემთან ახდენდა. 

ამასთან, აღსანიშნავია ქალების მიმართ პოლიციის მხრიდან გენდერულად მოტივირებული დამამცირებელი მოპყრობის გახშირებული პრაქტიკა, მათ შორის სექსისტური სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალადობის მუქარა და ჩხრეკის დროს სრული გაშიშვლების შემთხვევები. 

წამებისა და არასათანადო მოპყრობის მასშტაბურობას და სისტემურობას ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2025 წელს გამოქვეყნებული ანგარიშიც. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, აპარატის მიერ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3-4 დეკემბრის ღამის ჩათვლით, ასევე 6-7 დეკემბრის ღამეს და 2025 წლის 2 თებერვალს მონახულებული 343 ადამიანიდან 242 (70.5%) იყო სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.8 სახალხო დამცველის შეფასებით, სავარაუდო არასათანადო მოპყრობა, მათ შორის, წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის აქციების მონაწილეთა მიმართ იყო სისტემური. 

მიუხედავად ამისა, დამნაშავეები დღემდე დაუსჯელობით სარგებლობენ, რაც წამების პრაქტიკის სახელმწიფოს მხრიდან წახალისებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს. წამებასა და არასათანადო მოპყრობის გამოძიება მრავალი გამოწვევით ხასიათდება.  აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მოძალადე იდენტიფიცირებადი იყო, დღემდე არ დამდგარა მისი პასუხისმგებლობა. 

ასევე, აქამდე არ დამდგარა არც ერთი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა. მიმდინარე გამოძიება არ შეისწავლის მოვლენებს სისტემურად, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლო ბრძანებისა თუ მდუმარე თანხმობის გამოვლენისა და სრული სურათის აღსადგენად.12 მაგალითად, გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც არა მხოლოდ ხელმძღვანელობდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ საპოლიციო ღონისძიებებს, არამედ უშუალოდ მონაწილეობდა ძალადობაში, რასაც 2 თებერვლის საპროტესტო აქციიდან მედიის მიერ გავრცელებული კადრებიც მოწმობს, დღემდე არ არის პასუხისგებაში მიცემული. 

ამასთან, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მისი საგამოძიებო უფლებამოსილებები პროკურატურის შემადგენლობაში გადადის.14 აღსანიშნავია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური საკუთარ ვალდებულებებს აქამდეც არაეფექტიანად ასრულებდა, რითაც ფაქტობრივად ხელს უწყობდა საპოლიციო ძალადობას, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავეთა დაუსჯელობას, თუმცა ამ ინსტიტუტის გაუქმება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო წამებისა და საპოლიციო ძალადობის წინააღდეგ არსებულ ინსტიტუციურ მექანიზმებს კიდევ უფრო აუარესებს.

2025 წლის 10-12 ივნისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების - ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების შეფასების ფარგლებში სახელმწიფოს მოუწოდა, თავი შეიკავოს ამ ინიციატივის საბოლოო მიღებისგან და განახორციელოს ღონისძიებები ამ ორგანოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. 15 კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშებში ასახული ინფორმაციის შესახებ, რომლებშიც აღწერილია სამართალდამცავების მიერ ფართომასშტაბიანი და გადამეტებული ძალის გამოყენება 2024-2025 წლებში გამართულ საპროტესტო აქციებზე. 16

წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოსთვის, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან განსაკუთრებით მწვავე პრობლემად იქცა. სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების სამართლის ამ უმძიმესი დარღვევის წახალისება, მხარდაჭერა და ინსტრუმენტალიზება იწვევს დამნაშავეთა დაუსჯელობას, მსხვერპლთა მოწყვლადობის გაზრდას და საფრთხის ქვეშ აყენებს თითოეული ადამიანის ღირსების დაცულობასა და ფიზიკურ ხელშეუხებლობას “, - აღნიშნულია განცხადებაში.

26 ივნისი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღედ 1998 წლიდან გამოაცხადა, წამების სრული აღმოფხვრისა და წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით

განცხადებას ხელს აწერენ:



საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

უფლებები საქართველო

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ფოტო: ტაბულა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
27 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა,
13:16 / 28.06.2025
27 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა დაიწყო. 
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.
13:02 / 28.06.2025
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
OSZAR »